თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც შეაჯამა კომისიის საქმიანობა კომისიის შექმნის დღიდან 18 მაისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით. მასში მოცემულია საარჩევნო პერიოდში კომისიის მიერ გამოცემული განცხადებები და რეკომენდაციები, ასევე რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის დროს გამოვლენილი შემთხვევები, რომელზეც კომისია მყისიერად რეაგირებდა. ასევე, განხილულია ინდივიდუალური საქმეები, რომლებსაც კომისიას საარჩევნო პროცესში ჩართული სუბიექტები აწვდიდნენ ან კომისიისთვის მედიის საშუალებით ხდებოდა ცნობილი.
უწყებათაშორისი კომისიამ ანგარიშის ბოლოს წარმოადგენა რეკომენდაციები 2013 წლის პარლამენტის შუალედური და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით:
1. კომისია მხარს უჭერს კანდიდატთა საჯარო დებატების პრაქტიკას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ იყო ორგანიზებული. თემატური დებატები ხელს უწყობს კანდიდატთა/პარტიათა შორის იდეების გაცვლას და საზოგადოების მიერ გათვითცნობიერებული არჩევანის გაკეთებას.
2. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული მედია მონიტორინგის თანახმად და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო ოფისის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო ერთადერთი მედია საშუალება, რომელიც უზრუნველყოფდა საარჩევნო კამპანიის დაბალანსებულ საინფორმაციო გაშუქებას. უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციაა, არ განხორციელდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მარეგულირებელი კანონმდებლობის არსებითი გადახედვა, რაც ხელს არ შეუწყობს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის ტრადიციის ჩამოყალიბებას.
3. წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების მიერ შექმნილმა მედია ჯგუფებმა რიგ შემთხვევაში დაძაბულობები შექმნეს და საარჩევნო პროცესის გაშუქების ნაცლად, ხელს უშლიდნენ წინასაარჩევნო შეხვედრების ნორმალურ ვითარებაში წარმართვას. პლურალისტული, თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, კომისია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, მომავალში თავი შეიკავონ მსგავსი პრაქტიკისგან.
4. კომისია მიიჩნევს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის კომპელქსური გადახედვა და მასში არსებითი და არა ტექნიკური ცვლილებების შეტანა 2014 წლის მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე არ უნდა განხორციელდეს, რათა გონივრული დრო იყოს როგორც მსგავსი ცვლილებების ეფექტური იმპლიმენტაციისთვის, ასევე საარჩევნო პროცესის მონაწილეთა შორის კონსულტაციებისათვის.
5. კომისია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფს, გადახედოს საარჩევნო კოდექსის იმ დებულებას, რომელიც საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სამხედრო ძალებისა და შენაერთების წვევამდელებს მაჟორიტარული წესით არჩევნებში მონაწილეობის უფლებას სამხედრო სამსახურის ადგილის მიხედვით აძლევს. მნიშვნელოვანია გადაიხედოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების სამოქალაქო პირების მიერ სპეცუბნებზე ხმის მიცემის არსებული პრაქტიკა და მათ ხმის მიცემის შესაძლებლობა მხოლოდ ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებზე მიეცეთ. სპეცუბნებზე ხმის მიცემის უფლება მხოლოდ სამხედრო სამსახურში ხანგრძლივი დროით მყოფ მოსამსახურეებს უნდა მიეცეთ. უფრო მკაფიო კრიტერიუმები უნდა შემუშავდეს იმის განსასაზღვრად, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელი გასამხედროებული პერსონალი იღებს მონაწილეობას სპეცუბნებზე იმის გამო, რომ არჩევნების დღეს მათი გადაადგილება შეზღუდულია;
6. კომისიის რეკომენდაციაა, დაიხვეწოს პარტიათა დაფინანსების რეგულაციები, რათა გამოირიცხოს კანონმდებლობის ორმაგი წაკითხვა. კანონმდებლობა უნდა შეიცავდეს დარღვევათა და შესაბამისი სანქციების სრულყოფილ ჩამონათვალს. სანქციები უნდა იყოს პროპორციული, ეფექტური და გონივრული. ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გააგრძელოს პარტიათა ფინანსების მონიტორინგის მეთოდოლოგიისა და პროცედურების სრულყოფა, მათ შორის დახვეწოს სანქციების დაწესების არსებული პრაქტიკა;
7. კომისიის რეკომენდაციაა, გადაიხედოს სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ამომრჩეველთა მოსყიდვას არეგულირებს და ის საარჩევნო კოდექსთან შესაბამისობაში მოვიდეს;
8. მნიშვნელოვანია გაგრძელდეს თანამშრომლობა სამოქალაქო რეესტრს, ამომრჩეველთა ერთიანი სიის დამდგენ კომისიასა და სხვა შესაბამის უწყებებს შორის მისამართების სისტების დროული განახლების მიზნით;
9. კომისია მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროს წინასაარჩევნო პერიოდში შეაჩეროს სამინისტროს მიერ ჩამორთმეული უკანონო ქონების სოციალური მიზნებისთვის განკარგვა, რათა არ მოხდეს მსგავსი ქმედებების ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან გაიგივება. აუცილებლობის შემთხვევაში კი, ამ კატეგორიის ქონება სოციალური მიზნებისთვის მხოლოდ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, ასევე, ბავშვთა სახლებსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში შემავალ სხვა დაწესებულებებს გადასცეს.
10. კომისია მოუწოდებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გამოცდილების გათვალისწინებით, მომავალი წინასაარჩევნო ციკლის დროს შეაჩეროს სოციალური დახმარების ბაზაში უკვე დარეგისტრირებულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება;
11. კომისია მოუწოდებს საჯარო სკოლების ადმინისტრაციებს, ადმინისტრაციულ ორგანოებს და მათთვის დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობას, წინასაარჩევო პერიდშიშეაჩეროს დაგეგმილი ან შესაძლო ოპტიმიზაციის პროცესი და მხოლოდ დისციპლინარული ან სხვა სახის დარღვევის შემთხვევებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.
12. კომისიის რეკომენდაციაა, პარტიებმა გააგრძელონ კონსულტაციები და შეთანხმდნენ ერთიან ქცევის წესებზე, რაც წინასაარჩევნო შეხვედრებისას აქტივისტებს შორის კონფორნტაციას ამცირებს, მათ შორის სახალხო დღესასწაულების დროს პარალალური ღონისძიებების კოორდინირებულ დაგეგმვას შეუწყობს ხელს;
13. უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციაა, გაგრძელდეს ადგილობრივი სახელმწიფო მოხელეების მომზადება საარჩევნო კანონმდებლობაში.
14. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააგრძელოს პროგრამები, რაც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის არცოდნის პრობლემის მინიმალიზაციას და საარჩევნო პროცესში ეთნიკურ უმცირესობათა სრულფასოვან მონაწილეობას ისახავს მიზნად.
იხილეთ კომისიის საბოლოო ანგარიში: