|
|
|
27 ივნ. '12 | უწყებათაშორისი კომისიის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის რეკომენდაცია პოლიტიკურ ძალებს და პოლიციას
26 მაისს გორის რაიონის სოფელ მერეთში კოალიცია „ქართული ოცნების“ მომხრეებსა და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. პოლიციამ ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საფუძველზე, მათი დაკავება მოახდინა. უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის, განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ნებისმიერ ძალადობრივ გამოვლინებას გმობს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა, რაც ნებისმიერი შეხედულებისა და აზრის თავისუფალ გამოხატვას გულისხმობს. პოლიტიკური პლურალიზმი და თავისუფალი საარჩევნო გარემო სამართლიანი არჩევნების მთავარი წინაპირობაა. უწყებათაშორისს კომისიას რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ, მათ შორის მმართველმა პარტიამ ადრეც მიაწოდა ინფორმაცია, რომ წინასაარჩევნო შეხვედრების დროს ადგილი ჰქონდა სხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ ორგანიზებულ საპირისპირო აქციებს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში, სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. იმისათვის, რომ ერთი მხრივ, არ შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მეორე მხრივ, თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი ინციდენტები, უწყებათაშორისი კომისია მოუწოდებს პოლიტიკურ ძალებს და მათ მხარდამჭერებს შეეცადონ, საჯარო აქციები წარიმართოს ისე, რომ განსხვავებული შეხედულების მქონე პირებს შორის მაქსიმალურად იყოს დაცული დისტანცია, რათა აქციების მონაწილეთა ფიზიკური დაპირისპირების საფრთხეები შემცირებულ იქნეს. კომისია მოუწოდებს პოლიციას, ყურადღება მიაქციოს სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხარდამჭერთა მიერ ორგანიზებულ აქციებს, მიიღოს სათანადო ზომები და დროული რეაგირება მოახდინოს განსხვავებული შეხედულებების მქონე მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.
|





