ეროვნული სიტუაციური ოთახი
ქვეყანაში ეროვნული მასშტაბის კრიზისის ეფექტიანი მართვის კოორდინაციის მიზნით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში შექმნილია კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი) და მის დაქვემდებარებაში არსებული - ეროვნული სიტუაციური ოთახი.
ეროვნული სიტუაციური ოთახი არის თანამედროვე ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებებით აღჭურვილი პუნქტი, რომელიც, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების დროს აქტიურდება და საიდანაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ვითარებას მართავს. ცენტრში შექმნილია საერთო სივრცე სხვადასხვა უწყების 100-მდე თანამშრომლის ერთობლივი მუშაობისთვის, რაც მართვის და კოორდინაციის ხარისხს აუმჯობესებს. თანამედროვე აპარატურა ინციდენტების ადგილიდან ინფორმაციის (მათ შორის ვიდეო-აუდიო სიგნალების) ოპერატიულად მიღების და დამუშავების საშუალებას იძლევა. ეროვნულ სიტუაციურ ოთახში მუშაობა კრიზისის ტიპის შესაბამის თემატურ ჯგუფებში მიმდინარეობს.
კრიზისის დროს, ეროვნული სიტუაციური ოთახი ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში იღებს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან, ქვეყანაში, ბუნებრივი თუ ადამიანური ფაქტორებით (ტექნოგენური) გამოწვეული ვითარების შესახებ; ის უზრუნველყოფს შემოსული საინფორმაციო ნაკადის ანალიზს და გადაწყვეტილების მიმღებთათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; ის ახდენს მიღებული უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების აღსრულების კოორდინაციას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ეროვნული სიტუაციური ოთახით სარგებლობის უფლება, შესაძლებელია, შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს მიეცეთ.
ეროვნული დონის საგანგებო სიტუაციის (კრიზისის) მართვის სისტემა
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ძირითად განვითარებულ ქვეყნებში კრიზისების მართვა ხორციელდება ოპერაციების დაგეგმვისა და მართვის სამდონიანი სისტემით, რაც მოიცავს სტრატეგიულ, ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებს. სწორედ ამ სქემით მიმდინარეობს NATO-ს წევრი სახელმწიფოებისა და თავად ალიანსის ყველა სახის ოპერაციების მართვა. აღნიშნული მოდელი პრაქტიკულად უნივერსალურია, რადგან მისი მორგება ნებისმიერ ვითარებაზეა შესაძლებელი. კრიზისების მართვის კონცეფციის მიხედვით, ეროვნულ სიტუაციურ ოთახში მოქმედებს მართვის სტრატეგიული და ოპერაციული დონეები, ხოლო უშუალოდ ინციდენტის ადგილზე ხდება ტაქტიკური დონის ორგანიზება.
კრიზისების მართვის სტრატეგიული დონე - ეროვნული უსაფრთხოების საბჭო - პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. საბჭოს მუდმივი წევრები (საქართველოს პრემიერ მინისტრი - საბჭოს თავმჯდომარე; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; საქართველოს თავდაცვის მინისტრი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური) და მოწვეული პირები (საჭიროების შემთხვევაში). აღნიშნულ დონეზე, საბჭო იღებს სტრატეგიული ხასიათის გადაწყვეტილებებს, რაც აუცილებელია კრიზისული სიტუაციის მართვისა და სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტიანი განხორციელებისთვის.
კრიზისების მართვის ოპერაციული დონე - სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ანტიკრიზისული სამუშაო ჯგუფი, რომელიც კრიზისული სიტუაციის მართვის კოორდინირებას ახორციელებს. ანტიკრიზისული სამუშაო ჯგუფის უწყებრივი წარმომადგენლობა განისაზღვრება კრიზისის ტიპის შესაბამისად.
კრიზისების მართვის ტაქტიკური დონე - ერთი ან რამდენიმე უწყების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც, უშუალოდ შემთხვევის ადგილზე კრიზისული სიტუაციის მართვას ახორციელებს. ტაქტიკურ ჯგუფს ენიშნება კოორდინატორი (ხელმძღვანელი), რომელიც, სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, წამყვანი უწყების წარმომადგენელია.
ეროვნული სიტუაციური ოთახის შექმნის პროცესი
ეროვნული სიტუაციური ოთახი 2016 წლის იანვარში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ბაზაზე ამოქმედდა. ცენტრი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის თანადგომით, ბრიტანული მოდელის, ე.წ. „COBR“-ის მიხედვით, ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით შეიქმნა.