
საფრთხეების შეფასების დოკუმენტი

საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა გულისხმობს ხელსაყრელი გარემოს შექმნასა და შენარჩუნებას ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარებისთვის და ეროვნული ინტერესების მაქსიმალური დაცვისთვის. ამასთან, უმნიშვნელოვანესია თითოეული მოქალაქის ფიზიკური უსაფრთხოების, მისი უფლებებისა და თავისუფლებების გარანტირება და დაცვა, ისევე, როგორც თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.
საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი წარმოადგენს ფუნდამენტურ კონცეპტუალურ დოკუმენტს, რომელიც ახდენს საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებას, მათი რეალიზების შესაძლო სცენარების, ალბათობებისა და შედეგების ანალიზს. დოკუმენტში ასახულია ეროვნული უსაფრთხოებისთვის არსებითი საფრთხის შემცველი სამხედრო, საგარეო-პოლიტიკური, შიდაპოლიტიკური, ჰიბრიდული, ტრანსნაციონალური, სოციალურ-ეკონომიკური, ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული საფრთხეები და გამოწვევები.
საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება. თუმცა, საქართველოს საფრთხეების შეფასების პირველი ორი დოკუმენტი (შესაბამისად, 2007-2009 წწ. და 2010-2013 წწ.) ღია ნაწილსაც შეიცავდა. რაც შეეხება დოკუმენტის არსებულ ვერსიას, მისი (მხოლოდ) საიდუმლო ვარიანტი 2015 წ. განახლდა და ის 2015-2018 წწ. პერიოდს მოიცავს.
ამჟამად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს/მისი აპარატის კოორდინაციით საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლების პროცესი ხორციელდება.