საერთაშორისო თანამშრომლობა
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი აქტიურად არის ჩართული უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმების კოორდინაციის პროცესში, რომელიც უსაფრთხოების სექტორის სისტემური მდგრადობის გაუმჯობესებას და შესაბამისი შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება. აღნიშნული მიმართულებით საქმიანობის განხორციელებისას, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის პროცესში შემდეგ ძირითად სახელმძღვანელო პრინციპების ეყრდნობა: ინსტიტუციური მიდგომის დანერგვა, მდგრადი ეროვნული შესაძლებლობების განვითარება, უწყებათაშორისი თანამშრომლობის გააქტიურება და დონორების დახმარების სინქრონიზაცია/ჰარმონიზაცია. ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი საერთაშორისო აქტივობებს უსაფრთხოების სექტორთან მჭიდრო კოორდინაციით და აქტიური ჩართულობით ახორციელებს.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხთა, კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი), თავდაცვის საკითხთა და ადმინისტრაციული დეპარტამენტები აქტიურად თანამშრომლობენ აშშ-ს, ნატო-ს, ევროკავშირის და გაეროს შესაბამის წარმომადგენელებთან სხვადასხვა ფორმატში. ინტენსიურად მიმდინარეობს კონსულტაციები და გამოცდილების გაზიარება აშშ-ის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, დანიის სამეფოს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, ლატვიის რესპუბლიკის, ლიეტუვის რესპუბლიკის, ესტონეთის რესპუბლიკის, საფრანგეთის რესპუბლიკის, ასევე საგანმანთლებლო ინსტიტუტების, ცენტრების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.
უცხოელ დონორებთან საბჭოს აპარატის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას, კიბერუსაფრთხოების სტრატეგიას, საქართველოს ხედვას/სტრატეგიას შავ ზღვასთან მიმართებაში, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას, კიბერუსაფრთხოებას, კრიზისების მართვასა და სამოქალაქო უსაფრთხოებას.
სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მხარდაჭერის მიზნით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატთან უცხოელ მრჩეველთა ჯგუფია (Foreign Advisory Group) შექმნილი. ჯგუფი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს ეროვნული, რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე, ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებაზე და უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფორმატებზე რჩევებსა და რეკომენდაციებს აძლევს. ჯგუფი მუდმივი და მოწვეული უცხოელი მრჩევლებით არის დაკომპლექტებული.