
„საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი - 2023“ გაიხსნა
21 ივნისი 2023
„საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი - 2023“, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებით იმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კიბერუსაფრთხოება არის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და, ზოგადად, კიბერგანზომილება თანამედროვე ცივილიზაციისა და ტექნოლოგიური განვითარების ორგანული ნაწილი გახდა. მისივე თქმით, მას სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.
"ჩვენი ქვეყნის, როგორც ეკონომიკური ჰაბის, ფუნქციის ერთ-ერთ ნაწილს ციფრული ჰაბის როლიც წარმოადგენს. მოგეხსენებათ კარგად, ჩვენ ვავითარებთ შესაბამის ინფრასტრუქტურას და ასევე ტექნოლოგიურ კავშირებს ევროპასთან, და ეს ფორუმიც ამ თემისადმი მთავრობის ყურადღების ერთ-ერთი გამოხატულებაა,“ - განაცხადა პრემიერმა.
"კიბერუსაფრთხოების როლს რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში, ამაზე მინდა რამდენიმე სიტყვით მოგმართოთ. ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, საგანმანათლებლო სისტემა, სახელმწიფო სერვისები, მთავრობის საქმიანობა თუ რიგითი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული ციფრულ ტექნოლოგიებთან. საქართველო ტექნოლოგიურად განვითარებული სამყაროს ნაწილია და მსგავსი კიბერსაფრთხეების წინაშე დგას. ბუნებრივია, ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული და შესაბამისად, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, ისე ბიზნესისა თუ მთლიანად საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. კიბერუსაფრთხოება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სექტორის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს როგორც ერთიანი სამთავრობო ძალისხმევის, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართულებით,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან შედეგებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური.
„ჩვენი მიზანია, ფორუმის საშუალებით კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან და ხელი შევუწყოთ ამ სფეროში კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგს.
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში კიბერუსაფრთხოებას, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს განუყოფელ ნაწილს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია.
ჩვენ გვყავს უწყებები, რომლებსაც მანდატით აქვთ განსაზღვრული სახელმწიფო რესურსების თუ ეკონომიკის სექტორების კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა. თითოეული უწყება სწორედ ამ უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად მუშაობს კიბერ უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ.
2021 წელს დამტკიცდა საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და აქტიურად მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი, რაშიც ქართულ მხარესთან ერთად ინტენსიურად არიან ჩართულები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი პროგრამების ფარგლებში საქართველო კიბერუსაფრთხოების მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან.
გამორჩეულია გაერთიანებული სამეფო-საქართველოს კიბერთანამშრომლობის პროგრამა რომელიც აქტიურად ეხმარება საქართველოს სხვადასხვა უწყებებს შესაძლებლობების განვითარებაში.
ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ამერიკულ მხარესთან და ვიღებთ როგორც ტექნიკურ, ისე ტექნოლოგიურ მხარდაჭერას. ასევე ხაზგასასმელია ევროკავშირთან თანამშრომლობა სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, რომლითაც ძლიერდება საქართველოს უწყებების შესაძლებლობები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ფორუმის მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული უწყებების ხელმძღვანელებმა: საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა. ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალურმა მდივანმა სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუმ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრ. ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ევროპის მინისტრმა ლეო დოქერთიმ და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მარკ კლეიტონმა.
ფორუმის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევებისა და თანამედროვე მიდგომების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და საერთაშორისო დონეზე, კიბერკომპონენტის საშუალებით, საქართველოს პოზიციონირების გაძლიერება.
კიბერუსაფრთხოების ფორუმზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც: კიბერშესაძლებლობების გაძლიერება, მთავარი გამოწვევები კიბერმედეგობის გაძლიერების საკითხში, კიბერსაფრთხეების გლობალური სურათი, კიბერდიპლომატია და საერთაშორისო თანამშრომლობა, შავი ზღვის რეგიონის ხედვა კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით, თანამედროვე ტექნოლოგიები და კიბერუსაფრთხოება.
ღონისძიებაში მონაწილეობენ კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართული საქართველოს საჯარო უწყებების წარმომადგენლები, უცხოელი ექსპერტები პარტნიორი ქვეყნებიდან და ორგანიზაციებიდან (ნატო, ევროკავშირი, ეუთო, თურქეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ესტონეთი, უკრაინა, აშშ, გაერთიანებული სამეფო, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი და კიბერექსპერტიზის გლობალური ფორუმი), ასევე დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.
„საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი - 2023“ ორი დღე გაგრძელდება.