ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ NATO-ს მრჩეველთა ჯგუფთან ონლაინ შეხვედრა გამართეს
9 სექტემბერი 2020ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა, NATO-ს მრჩეველთა ჯგუფთან ონლაინ შეხვედრა გამართეს.
აღნიშნულ ჯგუფს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრი, თომას დე მიზიე და ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე უეს მიტჩელი ხელმძღვანელობენ.
შეხვედრა ორგანიზაციის გენერალური მდივნის ინიციატივის - „NATO-2030 პროცესის“ ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოებას, არსებულ გამოწვევებს და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.
შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოს, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნის ხედვაზე უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით, ისევე, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე.
„NATO-2030 პროცესი“ წარმოადგენს NATO-ს გენერალური მდივნის მიერ წამოწყებულ ინიციატივას. ის მიზნად ისახავს ალიანსის განვითარებისა და კოორდინაციის, ასევე, მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლაში ორგანიზაციის ეფექტიანობის ამაღლების შესახებ ხედვისა და რეკომენდაციების შემუშავებას.