კახაბერ ქემოკლიძემ RUSI ასოცირებულ დირექტორთან ონლაინშეხვედრა გამართა
31 ივლისი 2020ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) ასოცირებულ დირექტორთან, ჯონათან აილთან ონლაინშეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით რეგიონში მიმდინარე პროცესები და არსებული გამოწვევები განიხილეს.
კახაბერ ქემოკლიძემ ჯონათან აილს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და მისი აპარატის ფუნქციები, საქმიანობა და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა და RUSI-ის ხელმძღვანელმა, ასევე, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის ფორმატები და ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები.
შეხვედრაზე მხარეებმა კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ სტრატეგიასა და კრიზისული ვითარების მართვის პროცესში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ჩართულობაზეც ისაუბრეს.
RUSI 1831 წელს დაარსდა და იგი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მსოფლიოს უძველესი და ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური ცენტრია. დედოფალ ელისაბედ მეორის პატრონაჟის ქვეშ მყოფ ინსტიტუტს, ბრიტანეთის პარლამენტის სპეციალური აქტი არეგულირებს, რომელიც მის მიუკერძოებლობას უზრუნველყოფს.