ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია, კეტრინ ინსლის ხელმძღვანელობით ეწვია
2 ივნისი 2022
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის პროგრამების მიმართულებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, კეტრინ ინსლის ხელმძღვანელობით, აშშ-ის დელეგაცია ეწვია.
სტუმრებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი გივი თუმანიშვილი და საბჭოს აპარატის წარმომადგენლები შეხვდნენ.
გივი თუმანიშვილმა დელეგაციის წევრებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მანდატი, საბჭოს აპარატის სტრუქტურა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან ვრცლად ისაუბრა საბჭოს აპარატის კოორდინაციით მიმდინარე პროექტებსა და ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესის შესახებ, ასევე, საბჭოს აპარატის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის ფონზე რეგიონში შეცვლილ უსაფრთხოების გარემოზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების თემების განხილვას, მათ შორის, ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის, კიბერუსაფრთხოებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხებს.
მხარეები ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.