კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის იმპლემენტაციის მიზნით, ბრიტანულ მხარესთან თანამშრომლობით შექმნილი პროგრამის ბორდის (PB) პირველი შეხვედრა გაიმართა
29 აპრილი 2021ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებით, კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის იმპლემენტაციის მიზნით, ბრიტანულ მხარესთან თანამშრომლობით შექმნილი პროგრამის ბორდის (PB) პირველი შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, სერგო თურმანიძემ და ბრიტანელმა ექსპერტებმა გახსნეს. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.
სერგო თურმანიძემ უცხოელ ექსპერტებსა და ქართველ კოლეგებს, კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიაწოდა. ბრიტანელმა ექსპერტებმა კი შეხვედრის მონაწილეებს პროგრამის ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს.
კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის იმპლემენტაცია ბრიტანელ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით ხორციელდება. ამ მიზნით შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომელიც ახდენს ბრიტანელი ექსპერტების მხარდაჭერის ფორმალიზებას. რეფორმის განხორციელება სხვადასხვა სამოქმედო მიმართულებაზე კონკრეტული შედეგების მიღწევას გულისხმობს. აღნიშნული მოიცავს როგორც უშუალოდ კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტების დამტკიცების უზრუნველყოფას, ასევე, პრაქტიკული თანამშრომლობის ცალკეულ ასპექტებს.
ბრიტანულ მხარესთან თანამშრომლობით, კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმის იმპლემენტაციისთვის გათვალისწინებულია სამდონიანი სისტემის შექმნა: პროგრამის ხელმძღვანელი / მაკონტროლებელი ჯგუფი (ASG), პროგრამის ბორდი (PB) და კიბერუსაფრთხოების სფეროში უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი (GCGC).