კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტების მიმართ საინვესტიციო პოლიტიკის რეგულირების გერმანულ მოდელთან დაკავშირებით დისტანციური შეხვედრა გაიმართა
29 იანვარი 2021ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტების მიმართ საინვესტიციო პოლიტიკის რეგულირების გერმანულ მოდელთან დაკავშირებით, დისტანციური შეხვედრა გაიმართა.
კონფერენციაში საქართველოდან მონაწილეობდნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, ხოლო გერმანული მხრიდან - ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელი.
გერმანელმა კოლეგამ ინვესტიციების კონტროლის გერმანული სისტემის სპეციფიკაზე ისაუბრა. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა კონკრეტული საინვესტიციო ტრანზაქციის შესწავლის პროცედურულ საკითხებზე (case study).
საბჭოს აპარატის წარმომადგენლებმა გერმანელ კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შესახებ.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში კომპლექსური რეფორმა ორი მიმართულებით ხორციელდება. პირველი მათგანი გულისხმობს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში კონცეპტუალური და სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას, ხოლო რეფორმის მეორე მიმართულება მოიცავს შემდეგ საკითხებს: კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტების იდენტიფიცირება და შესაბამისი ეროვნული ნუსხის შედგენა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტების უსაფრთხო და უწყვეტი ფუნქციონირების სტანდარტების („უსაფრთხოების სტანდარტები“) გაწერა და მათი აღსრულების მონიტორინგი, ასევე, კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტების მიმართ საინვესტიციო საქმიანობის რეგულირება.